Loading data...
დავით უტიაშვილი: S&P-ის პოზიტიური შეფასება ზრდის ნდობას საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ, რაც ხელს უწყობს კაპიტალის შემოდინებას და რესურსის ფასის შემცირებას

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა (S&P) კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საბანკო სექტორების მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო ყაზახეთთან ერთად რეგიონში ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს ინსტიტუციურ ჩარჩოს. სარეიტინგო სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში. ასევე, დადებითად შეფასდა აქტივების ხარისხი და საკრედიტო დანაკარგების დაბალი დონე.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით უტიაშვილის განცხადებით, აღნიშნული შეფასება ასახავს როგორც პოზიტიურ მაკროეკონომიკურ გარემოს, ისე ეროვნული ბანკის თანმიმდევრულ პოლიტიკას ფინანსური სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით.

მისი თქმით, სარეიტინგო სააგენტოების პოზიტიური შეფასებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სექტორზე, ვინაიდან საერთაშორისო ინვესტორები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სწორედ ასეთ ანგარიშებს ეყრდნობიან.

„პოზიტიური შეფასება ზრდის ნდობას საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ, რაც ხელს უწყობს კაპიტალის შემოდინებას და რესურსის ფასის შემცირებას. საბოლოო ჯამში, ეს დადებითად აისახება როგორც სექტორის საქმიანობაზე, ისე საპროცენტო განაკვეთებზე“, - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საბანკო სექტორის მდგრადი განვითარება და რისკების ფრთხილი მართვა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი საფუძველია.