დავით რუსია: სების დღევანდელი გადაწყვეტილებით გარკვეულწილად შემცირდება სესხების მომსახურების წნეხი, შემცირდება უმოქმედო სესხების მოცულობა და აუცილებლად გაიზრდება საბანკო კაპიტალის მდგრადობა
სების ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილების თაობაზე პრაქტიკულად ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს - გარკვეულწილად შემცირდება სესხების მომსახურების წნეხი, შემცირდება უმოქმედო სესხების მოცულობა და აუცილებლად გაიზრდება საბანკო კაპიტალის მდგრადობა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ სების დღევანდელი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით და ზრუნვით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დაცვისა და აღსრულების მიმართულებით. ამის შედეგებს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ და არაერთი მარეგულირებელი, თუ საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს ამას. თუ ჩვენ ამ პროცესს ეროვნული ბანკის თვალთახედვით შევხედავთ, შესაძლებელია, ეს იყოს ნაკარნახევი რამდენიმე მოლოდინით. პირველი, ალბათ, იქნება მოლოდინი, რომ ოჯახების გადაჭარბებული დავალიანება შემცირდება, რადგან თუ 2025 წლის ანგარიშში შინამეურნეობების ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით 40%-ს შეადგენდა, ეროვნული ბანკი ამ ნაბიჯით, ალბათ, შეეცდება, რომ გარკვეულწილად ეს მაჩვენებელი შეამციროს. მეორე - ეს იქნება ეკონომიკური არასტაბილურობის შემთხვევაში ცუდი სესხების მომავალი ზრდის პრევენციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რამეთუ ვიცით, რომ სესხი გარკვეულწილად შემოსავალს აღნიშნავს და იგივე გადაითარგმნება გადახდის შესაძლებლობების ზრდაში. თუმცა, თუ სები თვლის უარეს ვარიანტებს და ყოველთვის უნდა თვლიდეს ამას, შესაძლებელია, ასეთი გათვლა გააკეთოს, რომ თუ უმუშევრობა გაიზარდა, შეიძლება შემოსავლები შემცირდეს, ხოლო მაღალი PTI-ს შემთხვევაში, ეს მოქმედ სესხში გადაიზარდოს“, - აცხადებს დავით რუსია.
მისივე შეფასებით, სების მაკროპრუდენციული რეგულაციის მიზანი ხშირად არის პრობლემამდე შექმნის რისკის შემცირება.
„კიდევ ერთი ფაქტორი, ალბათ, ფინანსურ სტაბილურობაზე გარკვეული ზრუნვაა, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელია, საბანკო სექტორმა მიიღოს, გარკვეულწილად, საკრედიტო პორტფელის ზრდის მცირედი შემცირება, რაც, ასევე, გადაითარგმნება შინამეურნეობების დატვირთვის შემცირებაში“, - აღნიშნა დავით რუსიამ.