დავით ნარმანია: აქტიურად ვიყავით ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო, ენერგეტიკულ პლატფორმებსა და ორგანიზაციებში, აქედან გამომდინარე, გვქონდა ცნობადობა და შესაბამისი ნდობა, საიდან გამომდინარეც ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციამ მოგვანიჭა ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება
„ჩვენ აქტიურად ვიყავით ბოლო წლების განმავლობაში ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო, ენერგეტიკულ პლატფორმებსა და ორგანიზაციებში, აქედან გამომდინარე, გვქონდა ცნობადობა და შესაბამისი ნდობა, საიდან გამომდინარეც ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციამ მიიღო თავის დროზე გადაწყვეტილება და მოგვანიჭა ეს უფლებამოსილება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
წამყვანმა ჰკითხა, რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ საქართველოში პირველად იმართება ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმი, რა განაცხადია და როგორ მოინიშნა საქართველო ამით მსოფლიო ენერგეტიკულ რუკაზე.
„ეს იყო მეცხრე მსოფლიო ფორუმი, რომელიც გაიმართა საქართველოში. ფორუმი სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. დაფუძნებიდან დღემდე, ეს ფორუმი ყოველთვის დიდ და მაღალ განვითარებულ ქვეყნებში ტარდებოდა, როგორიცაა აშშ, კანადა და ა.შ. ბოლოს, სამი წლის წინ ჩატარდა პერუში, სადაც მოვიპოვეთ ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება, რადგან ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორი არის აქტიური განვითარების სტადიაზე, ასევე ჩვენთან ენერგეტიკის რეგულირების ნაწილში საკმაოდ დიდი რეფორმები დაიწყო და ბოლო წლებში საკმაოდ აქტიურად ტარდებოდა ეს რეფორმები. ჩვენ აქტიურად ვიყავით ბოლო წლების განმავლობაში ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო, ენერგეტიკულ პლატფორმებსა და ორგანიზაციებში, აქედან გამომდინარე, გვქონდა ცნობადობა და შესაბამისი ნდობა, საიდან გამომდინარეც ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციამ მიიღო თავის დროზე გადაწყვეტილება და მოგვანიჭა ეს უფლებამოსილება“, - აღნიშნა ნარმანიამ.
მისი თქმით, ინვესტორებს საქართველოში ენერგეტიკის სფერო ძალიან აინტერესებთ.
„არაერთი დაინტერესებული ინვესტორი მოდის მარეგულირებელ კომისიაში. კვირა ისე არ გავა, რომ ჩვენ 2-3 სამუშაო შეხვედრა მათთან არ გავმართოთ და ვაძლევთ მათ განმარტებებს ჩვენი ქვეყნის მარეგულირებელ ნორმებთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ისინი ნახულობენ, რომ ყველაფერი ჩვენს მარეგულირებელ ნორმებში დეტალურად არის გაწერილი. შესაბამისად, ისინი უზრუნველყოფილი არიან სწორედ მარეგულირებელი გარემოთი და ეს არის დამატებითი ფაქტორი იმისათვის, რომ ქვეყანაში ინვესტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღონ“, - აღნიშნა ნარმანიამ.