Loading data...
ჩინეთის ელჩი: ჩინეთის უახლესი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 2025 წელს 2.701 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 19.5%-იან ზრდას წარმოადგენს

ჩინეთის უახლესი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 2025 წელს 2.701 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 19.5%-იან ზრდას წარმოადგენს, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოდან ჩინეთის იმპორტმა 2.39 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 20.7%-იანი ზრდაა, ხოლო საქართველოს ექსპორტმა ჩინეთში 311 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 11.1%-იან ზრდას წარმოადგენს.

„დღევანდელ არასტაბილურ საერთაშორისო სავაჭრო გარემოში ეს მიღწევა მარტივი არ ყოფილა და ნათლად აჩვენებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ძლიერ მდგრადობასა და ფართო პოტენციალს. ზრდა არა მხოლოდ ვაჭრობის მთლიან მოცულობაზე, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის სტრუქტურის ოპტიმიზაციაზეც აისახება - ორ მხარეს შორის თანამშრომლობა ტრადიციული ინფრასტრუქტურიდან გაფართოვდა ისეთ სფეროებამდე, როგორიცაა ახალი ენერგორესურსები, მაღალი ტექნოლოგიები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და სხვა. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განახლებით, შეუფერხებელი ლოგისტიკური არხებით, მოსახერხებელი ანგარიშსწორებით და ასევე ჩინეთში ქართულ პროდუქციაზე წვდომის უწყვეტი გაფართოებით, მოსალოდნელია, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის ვაჭრობა ახალ დონეზე გადავა“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

ჭოუ ციენის განცხადებით, ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ძალაში 2018 წელს შევიდა, ჩინეთის პირველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იყო ევრაზიის რეგიონში.

„განახლების შესახებ მოლაპარაკებები 2025 წელს დასრულდა, ორი მხარე პროტოკოლის ხელმოწერას 2026 წლის პირველ კვარტალში გეგმავს. ეს განახლება არა მხოლოდ აძლიერებს უკვე არსებულ მიღწევებს, არამედ წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს უფრო მაღალი სტანდარტების, ფართო მასშტაბისა და ღრმა ინტეგრაციისკენ.

განახლებული შეთანხმება კიდევ უფრო შეამცირებს არასატარიფო ბარიერებს, ოპტიმიზაციას გაუწევს ინსპექტირებისა და საკარანტინო პროცედურებს, გააძლიერებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვას და ხელს შეუწყობს ელექტრონული კომერციის სფეროში თანამშრომლობას, რაც ნათლად აჩვენებს ჩინეთ-საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებას, ხელი შეუწყონ ვაჭრობასა და ინვესტიციებს და განახორციელონ ნამდვილი მულტილატერალიზმი.

საქართველოსთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ნულოვანი ტარიფების პირობებში, ჩინეთის 1.4 მილიარდი მოსახლეობის მქონე ბაზარზე ბევრად მარტივად შევა უფრო მეტი მაღალი ხარისხის პროდუქტი. ამჟამად, საქართველო ჩინეთში იმპორტირებული ღვინის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ჩინეთში თაფლისა და ფრინველის ხორცის ექსპორტის შესახებ პროტოკოლი, რომელსაც ორივე მხარემ 2025 წელს მოაწერა ხელი, ასევე ახალ ბაზარს გახსნის ქართული პროდუქციისთვის“, - დასძინა საქართველოში ჩინეთის ელჩმა.