Loading data...
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის მშენებლობას დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი „ენერგიის სააკუმულატორო ქვესადგურისა და მწვანე წყალბადის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს დაეხმარება შექმნას ქვეყანაში პირველი სააკუმულატორო ქვესადგური და შეისწავლოს მწვანე წყალბადის განვითარების შესაძლებლობები. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი გააუმჯობესებს საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის შესაძლებლობებს უფრო დიდი მოცულობის განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისთვის. თბილისთან ახლოს, ქსანში მდებარე ქვესადგურში 200მეგავატიანი/200მეგავატსაათიანი სააკუმულატორო ქვესადგურის დამატებით. როგორც აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაშია აღნიშნული, ობიექტი გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, შეამცირებს მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულებას და გაზრდის კერძო სექტორის მონაწილეობის შესაძლებლობებს.

„ADB საქართველოს ხანგრძლივი პარტნიორია და მხარს უჭერს ქვეყნის ენერგოსექტორის გაძლიერებას. ახალი პროექტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ. განახლებადი ენერგიის უზარმაზარი პოტენციალითა და ამბიციური განვითარების მიზნებით, საქართველო მზად არის, მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს საკუთარი განახლებადი რესურსებიდან“, - განაცხადა ADB-ის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა.

ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, ნალექიანობისა და წყლის ხელმისაწვდომობის ცვლილება სერიოზულ რისკებს უქმნის ჰიდროენერგიას, რომელზეც საქართველოს ენერგოსექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ინოვაციური ტექნოლოგიები, როგორიცაა სააკუმულატორო ქვესადგური და მწვანე წყალბადი, მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების რისკების დაძლევისა და მოსახლეობისთვის მდგრადი ენერგიის მიწოდებისთვის.

ADB-მა ასევე დაამტკიცა 400,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი, რომელიც დაეხმარება საქართველოს მწვანე წყალბადის განვითარების მიმართულებით. გრანტი ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ წყალბადის პოტენციალის განსაზღვრას და კერძო სექტორის ჩართვის წახალისებისთვის საჭირო პირობების შემუშავებას.

„ჩვენ ვხედავთ მწვანე წყალბადის განვითარების ძლიერ პოტენციალს საქართველოში. ზედმეტი ენერგია, რომელიც წარმოიქმნება პიკის სეზონებზე, შესაძლებელია გარდაიქმნას წყალბადად, შეინახოს და ასევე გაიყიდოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზრებზე, რაც გააძლიერებს საქართველოს ენერგოსისტემას და შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ADB-ის ენერგეტიკის წამყვანმა სპეციალისტმა, ადნან ტარინმა.

აზიის განვითარების ბანკის ცნობით, პროექტი გააუმჯობესებს სამართლებრივ და რეგულირების ჩარჩოებს, რომლებიც აუცილებელია სააკუმულატორო ქვესადგურისა და მწვანე წყალბადის მსგავსი შენახვის ტექნოლოგიების ქსელში ინტეგრაციისთვის.

„ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის განვითარების პროცესში კერძო ინვესტიციების მოზიდვას და უფრო მასშტაბური სააკუმულატორო ქვესადგურებისა და მწვანე წყალბადის ობიექტების განვითარებას.

პროექტი ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული სექტორის რეფორმირების, სუფთა ენერგიის ვაჭრობის რეგიონულ პლატფორმად ჩამოყალიბებისა და გადამცემი ქსელის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნებს, რაც ასახულია ADB-ის საქართველოსთან პარტნიორობის 2024–2028 წლების სტრატეგიაში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი პროექტის განხორციელებასა და დაგეგმილი რეფორმების მონიტორინგზე, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იმოქმედებს პროექტის განმახორციელებელ სააგენტოდ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.