ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით.
ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17.5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1 380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურს მსოფლიოში აპრობირებული „ლენდლორდის“ მოდელით აშენებს. აღნიშნული მოდელი სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და, შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის. აღსანიშნავია, რომ საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, მთავრობა უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის - საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას.
