GITA-მ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთოთხმეტედ გამოაცხადა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთოთხმეტედ გამოაცხადა. ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაინტერესებულ პირებს 14 მარტიდან საშუალება ეძლევათ, გრანტების პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ ინოვაციური ბიზნესიდეა, რომელთა შეფასებას განახორციელებენ სააგენტოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შემფასებლები.
პირველ ეტაპზე შეირჩევა 150 სტარტაპი, რომელიც გაივლის გადამზადებას ბიზნესგეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. შემდგომ საფეხურზე 150 სტარტაპი გრანტების პორტალის მეშვეობით წარმოადგენს ბიზნესგეგმებს, რომლებსაც შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები. ბიზნესგეგმის შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე გამოვლინდება 50 ფინალისტი.
თანადაფინანსების გრანტები განკუთვნილია იმ სტარტაპებისთვის, რომელთა პროექტის ხანგრძლივობა არ აღემატება 9 თვეს. პროექტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებასთან. ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტები დასაშვებად იქნება მიჩნეული, თუ იგი არ ეხება სპირტის ან სპირტის შემცველი პროდუქტების წარმოებას.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ცამეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 255 სტარტაპი დაფინანსდა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე www.grants.gov.ge.