არჩილ გორდულაძე: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი საფუძველი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ბუნებაში არ არსებობს

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი საფუძველი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ბუნებაში არ არსებობს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ევროპარლამენტში წარდგენილ რეზოლუციაზე საუბრისას, სადაც ნათქვამია, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მოუწოდებს ევროკავშირს, შეაჩეროს, ან შეზღუდოს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა.
გორდულაძის თქმით, იმისათვის, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ყოფილიყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის, მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, რომლებიც კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
„საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ბედავს და ამბობს, რომ, დიახ, ჩემი ქვეყნის თაობაზე გადაწყვეტილებები ჩემს ქვეყანაში უნდა იყოს მიღებული და არა ვინმეს მითითებით, თითის დაქნევით. სხვა ბერკეტებთან ერთად, ერთ-ერთ საშუალებად ზუსტად ვიზალიბერალიზაცია აირჩია კონკრეტულმა ძალამ, რადგან ეს ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.
მათ შორის, ზუსტად იგივე არის რუსის და რუსობის იარლიყის მიწებების მცდელობაც, იმიტომ, რომ მათ აქვთ აღქმა, რომ საზოგადოება ამ ყველაფერზე რეაგირებს. ხომ ყველაფერი ცადეს - ცადეს ქუჩების დანგრევა, გადაწვა, დააზიანეს სახელმწიფო ქონება, კერძო საკუთრებები, ადამიანების ცოცხლად დაწვა ცადეს, ამავდროულად, ქალბატონი ლორა თორტონი გამოდიოდა და საუბრობდა ობიექტურად გაკვირვებული, ამ ყველაფერს მსხვერპლი რატომ არ მოჰყვაო. ახლა კიდევ ერთი ბერკეტი უნდათ, ხელში დაიჭირონ, რომ ქართულ საზოგადოებას პირდაპირ მიუთითონ, რომ თქვენ თუ არ მიიღებთ გადაწყვეტილებას და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ გაუშვებთ სახლში, კიდევ საკითხავია, რა გზებით, გავიხსენოთ, მაგალითად, შვედეთის წარმომადგენელი მაიდანს რომ გვპირდებოდა და მაიდნის მოწყობისკენ რომ უთითებდა საქართველოში მოქმედ, ქართული სახელის და გვარის მქონე აგენტურას, ამ გზებით, საბოლოო ჯამში, უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ქართულმა საზოგადოებამ, იმის შიშით, რომ თავისუფლად იმოგზაუროს ევროპაში, სუვერენიტეტზე და იდეაში, საბჭოთა კავშირს რის გამოც გავექეცით ჩვენ და რის გამოც ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გაიღეს, ჯანმრთელობა შესწირეს ბოლშევიზმთან ბრძოლას, თანამედროვე ბოლშევიზმს ვიღებთ ახლა, რომ ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია, ვინც ჩვენს მითითებას არ დაემორჩილება, მის წინააღმდეგ უმრავლეს შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ რეპრესიები და ეს ყველაფერი გადმოთარგმნილია მათ შორის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
საზოგადოებასაც კარგად ახსოვს, რომ ზუსტად ის მონაპოვარი, რასაც თავისუფალი მიმოსვლა ჰქვია, რომელიც ისევ და ისევ „ქართული ოცნების“ გუნდის წყალობით აქვს ქართულ საზოგადოებას და ჩვენ ყველას, ამავდროულად, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო და არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ყოფილიყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისა, ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ წლების განმავლობაში რამდენჯერმე. მათ შორის, ეს ცვლილებები კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი გაასაჩივრეს.
ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში იმის მტკიცება გვიწევს, რომ ჩვენ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეგვიჩერდეს. ამის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მაგრამ, კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს როგორც ევროპარლამენტარების მხრიდან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობისა და ქვეყნის ლიდერის მხრიდან, ამავდროულად, ჩვენს ქვეყანაში მართულმა არხებმა რეპორტაჟები მოამზადონ და აგენტურის წარმომადგენლებმა ისაუბრონ, რომ თუ გინდათ თავისუფლად იმოგზაუროთ, მაშინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უარი უთხარით და ჩამოაგდეთო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი საფუძველი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ბუნებაში არ არსებობს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.