Loading data...
გივი მიქანაძე და გიორგი სოსიაშვილი ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს, აშშ-ის ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორს კრის ესკრიჯს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კრიმინალისტიკის დარგთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ კრიმინოლოგიის მიმართულებით საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე პროცესებზე. ამერიკელმა პროფესორმა დადებითად შეაფასა შესაძლებლობები და ცოდნის ხარისხი, რომელიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, განსაკუთრებით კი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კრიმინოლოგიის მიმართულებით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მიეწოდებათ. ასევე, განვიხილეთ სხვა უნივერსიტეტებთან პროფესორის თანამშრომლობის საკითხი. აღსანიშნავია, რომ პროფესორი კრის ესკრიჯი საქართველოში ჩამოვიდა მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ“ მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მასპინძლობს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი მალხაზ ბაძაღუა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე.