Loading data...
ნეთანიაჰუ - ირანმა ორჯერ სცადა დონალდ ტრამპის მოკვლა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანმა ორჯერ სცადა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოკვლა. 

„ირანის რეჟიმი ახლა ჩვენს მშვიდობიან დასახლებებს ბომბავს, ჩვენ კი ტერორისტებს ვუმიზნებთ. ეს სიახლე არ არის. მათ ორჯერ სცადეს პრეზიდენტ ტრამპის მოკვლა. მათ დაბომბეს ამერიკის საელჩოები. მათ ბეირუთში 241 საზღვაო ქვეითი მოკლეს. მათ ერაყსა და ავღანეთში თავიანთი თვითნაკეთი მოწყობილობებით ათასობით ამერიკელი მოკლეს და დაჭრეს.

ისინი წვავენ ამერიკის დროშებს, დაუსრულებლად სკანდირებენ - „სიკვდილი ამერიკას“. ჩვენი მტერი თქვენი მტერია. ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ რამესთან, რაც ადრე თუ გვიან ყველას დაემუქრება. ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვება იქნება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა იცავს თავისუფლებას ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ. 

მისი თქმით, ისრაელი იცავს ევროპას.

„ჩვენ ამას ვაკეთებთ ტირანული და რადიკალური ირანული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც სურს ატომური ბომბების შექმნა ჩვენს გასანადგურებლად“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.