Loading data...
დონალდ ტრამპი: ისრაელი და ირანი დადებენ შეთანხმებას და ახლო აღმოსავლეთი, კვლავ, დიდებული გახდება!

„ირანმა და ისრაელმა უნდა დადონ შეთანხმება და დადებენ, კიდეც!“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე და აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება ისევე დაიდება, როგორც ინდოეთსა და პაკისტანს შორის მოხდა. „მე მათთან [ინდოეთი და პაკისტანი] შეერთებულ შტატებთან ვაჭრობის საკითხი გამოვიყენე, მოლაპარაკებებში საღი აზრი, გონიერება და ერთიანობა შევიტანე. ორმა შესანიშნავმა ლიდერმაც სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და შეწყვიტა დაპირისპირება“, - აღნიშნავს ტრამპი.

აშშ-ის ლიდერის თქმით, მისი პირველი პრეზიდენტობისას, სერბეთი და კოსოვო აქტიურად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, როგორც ეს ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა. „ეს კონფლიქტი მზად იყო ომში გადასაზრდელად. მე შევაჩერე ის (შემდეგ, ბაიდენმა რამდენიმე ძალიან სულელური გადაწყვეტილებით, ზიანი მიაყენა გრძელვადიან პერსპექტივას, მაგრამ მე, ისევ, გამოვასწორებ ამას!). 

კიდევ ერთი შემთხვევა - ეგვიპტე და ეთიოპია. მათი დავა უზარმაზარი კაშხლის გამო, რომელიც გავლენას ახდენს ბრწყინვალე მდინარე ნილოსზე“, - წერს დონალდ ტრამპი და დასძენს, რომ „ჩემი ჩარევის წყალობით, სულ მცირე, ახლა მშვიდობაა და ასეც დარჩება!“

„ასევე, მალე მშვიდობა გვექნება ისრაელსა და ირანს შორის! ახლა ბევრი ზარი და შეხვედრა იმართება“, - აცხადებს აშშ-ის ხელმძღვანელი.

დონალდ ტრამპის თქმით, ის ყოველთვის „ბევრს აკეთებს, მაგრამ დამსახურებას არაფერში იღებს“.

„არაუშავს, ეს ნორმალურია, ხალხი ხვდება. ისევ დიდებული გავხადოთ ახლო აღმოსავლეთი!“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.