Loading data...
გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს, ილია მუშკუდიანს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობებზე ისაუბრეს. ილია მუშკუდიანმა დეპუტატებს თავისი მანდატის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო გეგმები გააცნო.

„ილია მუშკუდიანი ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის - „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ - გამარჯვებულია. საგრანტო კონკურსი პროგრამის - „გაეროში ახალგაზრდა დელეგატები“ ნაწილია, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლა, სადაც საერთაშორისო ტრიბუნიდან ილია მუშკუდიანი ისაუბრებს იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით ხორციელდება“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

გივი მიქანაძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ ილია მუშკუდიანს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაში კომიტეტის მხარდაჭერა დაუდასტურეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი და გაეროში ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი ნოდარ ბოკერია.