ტრამპი მოსკოვს სანქციებს ჰპირდება, თუ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმების გასაფორმებლად მზად არის. მაგრამ, ტრამპის თქმით, თუ მოლაპარაკება წარუმატებელი იქნება, მისი ადმინისტრაცია მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს. ინფორმაციას foxnews ავრცელებს.
„მართალი რომ გითხრათ, დიახ, მე დავაწესებ სანქციებს, თუ ამ შეთანხმებას ვერ გავაფორმებთ“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-ის ეთერში. „ეს იქნება დამანგრეველი რუსეთისთვის, მათ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვთ, ხოლო ნავთობის ფასი დაბალია და კიდევ დაეცემა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის კომენტარი იმ ფონზე გაისმა, როდესაც სტამბოლში 16 მაისს გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება, ფაქტობრივად, ჩაიშალა. რუსეთმა კვლავ მასშტაბური მოთხოვნები წამოაყენა, მათ შორის უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის დაფიქსირება, მოსკოვის მხრიდან სამხედრო რეპარაციებზე უარი, რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის და ოთხი რეგიონის აღიარება. ამ ოთხი რეგიონიდან რუსეთი არც ერთს მთლიანად არ აკონტროლებს.
ტრამპმა, ასევე, განაცხადა, რომ პუტინი მოლაპარაკებისთვის მზად არის და ის ფაქტობრივად, მოლაპარაკებაში ჩართული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მას არ ესწრებოდა.
„ვფიქრობ, რომ პუტინი ამისგან დაიღალა. ის კარგად არ გამოიყურება და სურს, რომ კარგად გამოიყურებოდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ევროპის ლიდერებმა, რომლებიც ვაშინგტონთან კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა კრემლზე ზეწოლა მოახდინონ, რუსეთის პოზიციით უკმაყოფილება გამოხატეს და ტრამპის მიერ „განსხვავებული სიგნალების“ მიწოდება გააკრიტიკეს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში 30-დღიანი ზავის შესახებ ევროპის და აშშ-ის პოზიცია ერთიანია, ტრამპი ამ დრომდე საუბრობს მისი და პუტინის შეხვედრის აუცილებლობაზე და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამ დრომდე არ აწესებს.