Loading data...
Reuters - ლიბანზე ისრაელის საჰაერო იერიშს 180-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე თავდასხმის შედეგად მინიმუმ 182 ადამიანი დაიღუპა და 727 დაიჭრა, მათ შორის ქალები, ბავშვები და მედიკოსები. ინფორმაციას Reuters-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, 23 სექტემბერს, სამხრეთ ლიბანში ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა „ჰეზბოლას“ ასობით სამიზნეზე. 

დარტყმების წინ ისრაელმა გააფრთხილა ლიბანელები, დაეტოვებინათ ის ადგილები, სადაც „ჰეზბოლა“ იარაღს ინახავს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალატის განცხადებით, დარტყმები გაგრძელდება იქამდე, სანამ ისრაელი მიზანს არ მიაღწევს. 

ცნობისთვის, 20 სექტემბერს ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე ავიაიერიში მიიტანა. სამიზნეს „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსნები წარმოადგენდნენ. იერიშის შედეგად დაჯგუფების სამხედრო მეთაურები იბრაჰიმ აქილი და აჰმედ ვაჰბი სხვა წევრებთან ერთად დაიღუპნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, იბრაჰიმ აქილი კოორდინაციას უწევდა დაგეგმილ ოპერაციას, რომელიც გალილეაში შეჭრას ითვალისწინებდა.