ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელის დარტყმები ომის გამოცხადებას ნიშნავს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი გაეროსადმი გაგზავნილ წერილში ისრაელის დარტყმებს „ომის გამოცხადებას“ უწოდებს.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ აბას არაღჩი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განიხილოს ეს საკითხი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმა „ირანის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა“.
მისი თქმით, ირანზე თავდასხმა იყო „თავხედური და უკანონო ქმედება“, ასევე, „უგუნური და მიზანმიმართული ესკალაცია, რომელმაც უხეშად დაარღვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება და საერთაშორისო სამართლის უმთავრესი ნორმები“.
„ისრაელმა, მსოფლიოში ყველაზე ტერორისტულმა რეჟიმმა, ახლა უკვე ყოველგვარ წითელ ხაზს გადააბიჯა და საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ ეს დანაშაულები დაუსჯელი დარჩეს. ირანი ამ უკანონო და ლაჩრულ ქმედებებს გადამწყვეტად და პროპორციულად უპასუხებს. ირანის ისლამური რესპუბლიკა სრული სიმტკიცით იმოქმედებს თავისი სუვერენიტეტის, ხალხისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, 13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანი დაბომბა და ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება.