Loading data...
ახალი სკანდალი ესპანეთის მმართველ პარტიაში - ოფიციალურმა პირმა სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო თანამდებობა დატოვა

ესპანეთის მმართველ პარტიაში ახალი სკანდალია - ოფიციალური პირი თანამდებობას სექსუალური შევიწროების ბრალდებით ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს. მოვლენების პარალელურად, პედრო სანჩესზე გადადგომის მოთხოვნით ზეწოლა იზრდება, რადგან ბოლო მოვლენა კორუფციის ბრალდებებს ემატება.

პედრო სანჩესის მცდელობებმა, ცვლილებები შეიტანოს ესპანეთის მმართველ სოციალისტურ პარტიაში კორუფციის ბრალდებების შემდეგ, სრული კრახი განიცადა. არადა, პრემიერ-მინისტრი იმედოვნებდა, რომ ამ შაბათ-კვირას დაგეგმილი ეროვნული კომიტეტის შეხვედრა პარტიას სკანდალების გადალახვაში დაეხმარებოდა. როგორც მედია წერს, „მმართველი პარტიის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა ძირი გამოუთხარა შვიდი წლის წინ, ხელისუფლებაში მოსვლის ეთიკურ და ანტიკორუფციულ ვალდებულებებს“.

პრემიერ-მინისტრის მოლოდინები მას შემდეგ გაქარწყლდა, რაც ადგილობრივმა ონლაინ გაზეთმა „El Diario“-მ ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის სხვადასხვა თანამშრომელი ქალის ბრალდებები გამოაქვეყნა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი სექსუალური შევიწროების მსხვერპლები იყვნენ ფრანსისკო სალაზარის მხრიდან, რომელიც მონკლოას სასახლეში, პრემიერ-მინისტრის ოფისსა და ოფიციალურ რეზიდენციაში ინსტიტუციურ კოორდინაციას ხელმძღვანელობდა.

ბრალდებებმა სალაზარი აიძულა თანამდებობა დაეტოვებინა, თუმცა კატეგორიულად უარყო ფაქტი, რომ „რაიმე შეუფერებელ საქციელს ჩადიოდა“. „მე გამუდმებით ვფიქრობ, ხომ არ შევცდი და ხომ არ ვუთხარი რაიმე შეუფერებელი თანამშრომელს და სიმართლე ისაა, რომ მსგავსს ვერაფერს ვიხსენებ“, - ამტკიცებს სალაზარი.

მადრიდში, მონკლოაში ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ საჩივარი ჯერ შეტანილი არ არის. 

რაც შეეხება პედრო სანჩესს, მას მორიგი ბოდიშის მოხდა მოუწია იმის გამო, რასაც მან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულების მიმართ არასწორი ნდობა უწოდა და დასძინა: „მე შევცდი, რომ ნდობა გამოვუცხადე იმ ადამიანებს, რომლებიც ამას არ იმსახურებდნენ, მაგრამ ახლა დემოკრატიული აღორძინების ეპოქაა და ჩვენ არ დავნებდებით“, - აღნიშნა ესპანეთის პრემიერმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა გადადგომას, სანჩესმა მტკიცედ უპასუხა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მზარდი ზეწოლის ქვეშაა ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ის გადადგომას არ აპირებს. 

„კაპიტანი თავს არ არიდებს პასუხისმგებლობას, როდესაც ზღვა ღელავს. ის ადგილზე რჩება, რომ ქარიშხალი გადალახოს და გემი პორტში შეიყვანოს“, - უპასუხა მან მედიის წარმომადგენლებს.