ასეთი განცხადება ნიკოლ პაშინიანმა ინტერვიუ La Repubblica-სთან ინტერვიუში, რომლის ვიდეოჩანაწერიც შაბათს სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში გავიდა.
„რუსული სამშვიდობო ძალები არ ასრულებენ თავის მისიას, რომელიც განმტკიცებულია სამმხრივი განცხადებით და ეს სერიოზული შეშფოთების მიზეზია“, - განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა
მისი თქმით, მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებაა.
„ამ შემთხვევაში არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლება. და ეს მართლაც საგანგაშო ფაქტია", - თქვა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა
მან სტრატეგიულ შეცდომა უწოდა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე რესპუბლიკის სრული დამოკიდებულებას.
„სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99,999%-ით იყო დაკავშირებული რუსეთთან, მათ შორის, იარაღის კუთხით, შეიარაღების შეძენით, მაგრამ დღეს, როცა თავად რუსეთს სჭირდება იარაღი, ცხადია, რომ სურვილის შემთხვევაშიც ის ვერ შეძლებს უზრუნველყოს უსაფრთხოების სფეროში სომხეთის საჭიროებები. ანუ ეს მაგალითი გვაჩვენებს, რომ უსაფრთხოების სფეროს ერთ მიმწოდებელზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა“, - განაცხადა პაშინიანმა.
მისი თქმით, „მას შემდეგ, რაც სომხეთმა ამ შეცდომის მწარე ნაყოფი იგემა", არის უსაფრთხოების სფეროში ერევნის პოლიტიკის დივერსიფიკაციის მცდელობები, „რადგან, როცა დგება მომენტი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, დგინდება, რომ ვიღაცას ჩვენი უსაფრთხოება ან არ სურს, ან არ შეუძლია“.
მისი აზრით, რუსეთი თავისი ქმედებებით თუ უმოქმედობით სამხრეთ კავკასიაში, შორდება მას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი, მის მიერ გადადგმული თუ გადაუდგმული ნაბიჯებით, შორდება რეგიონს. ჩვენ არ ვიცით, რა მიზეზების გამო. არსებობს, რა თქმა უნდა, ვარაუდები. არის პროცესები, რომლებიც იწვევენ იმის გაცნობიერებას, რომ ერთ დღეს ჩვენ შეგვიძლია გამოვფხიზლდეთ და დავინახოთ, რუსეთი აქ აღარ არის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს, რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო.
„მაგრამ ის არ არის რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ. რატომ? შეიძლება იყოს ორი მიზეზი - ან რუსეთი ვერ აკონტროლებს ლაჩინის დერეფანს, ან არ სურს. ორივე მიზეზი პრობლემატურია", - აღნიშნა პაშინიანმა
პაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობა შეუძლებელი იქნება, თუ მხარეები არ აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
„თუ სომხეთი და აზერბაიჯანი არ აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის ალმათის დეკლარაციის საფუძველზე, მაშინ მშვიდობა არასოდეს იქნება“, - განაცხადა მან.
პაშინიანმა აღნიშნა, რომ ერევანი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ანკარასთან ურთიერთობის ნორმალიზებას და ამ პროცესს ბაქოსთან კონფლიქტის მოგვარებას არ უკავშირებს.
ჩვენ არ ვუკავშირებთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს, თუმცა აზერბაიჯანსა და თურქეთს სურთ დაკავშირება და მუდმივად საუბრობენ ამაზე“, - განაცხადა პაშინიანმა.
მისი თქმით, თურქეთთან ურთიერთობების დარეგულირება „ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია სომხეთისთვის" და ანკარაში ვიზიტის და თურქეთის პრეზიდენტთან კონტაქტების შედეგად მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ანკარისთვისაც მნიშვნელოვანია.
„მიმაჩნია, რომ ამ პროცესში შესაძლებლობებიცაა და სირთულეებიც", - აღნიშნა პაშინიანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება „მნიშვნელოვნად შეამცირებს დაძაბულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში“.
ipress.ge