უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.
ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.
„დენისი, ევგენი, იური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი... უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. მშვიდად განისვენონ! დაე, ყველამ, ვინც ამ შავ დილას გარდაიცვალა, მშვიდად განისვენოს!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, ბროვარში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა.
„ამ წუთის მონაცემებით, 15 ადამიანია გარდაცვლილი. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დგინდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ტკივილი ენით გამოუთქმელია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით დავავალე, მომხდარის ყველა გარემოება გაარკვიოს. ტრაგედიის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.