უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსული ძალების მიერ საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
სამაშველო ოპერაცია 40 საათზე მეტია, გრძელდება. 16 იანვრის ღამეს მაშველებმა ნანგრევებში კიდევ რამდენიმე გარდაცვლილი იპოვეს.
„ამ დროისთვის გარდაცვლილია სახლის 35 მცხოვრები, მათ შორის ორი ბავშვი. 39 ადამიანი გადავარჩინეთ, 75 დაჭრილია, მათ შორის 14 ბავშვია. კიდევ 35 მცხოვრების ბედი უცნობია, ნანგრევებში ადამიანების ძებნა გრძელდება“, - წერს რეზნიჩენკო.
რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ მრავალსართულიან სახლზე სარაკეტო დარტყმა 14 იანვარს განახორციელეს.