„ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას მოსაგებად სჭირდება.“ ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ უსწრაფესი გზაა. სტოლტენბერგმა ინტერვიუში მოიწონა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდების შესახებ.
“მძიმე საბრძოლო აღჭურვილობის შესახებ ბოლო დაპირებები მნიშვნელოვანია და მე უფრო მეტს ველოდები უახლოეს მომავალში”, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
როგორც ცნობილია, 20 იანვარს რამშტაინის ბაზაზე დაგეგმილია მოკავშირეთა შეხვედრა, რომელზეც სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
სტოლტენბერგმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა ბირთვული ესკალაციის რისკთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, "ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია,“. გენერალურმა მდივანმა აქვე აღნიშნა, რომ ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმა გაუგზავნეს მესიჯი რუსეთს, "რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული".