გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ახლა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწესება უსამართლო იქნება და გააკრიტიკა ის პოლიტიკოსები, რომლებიც კიევსა და მოსკოვს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ.
გერმანიის პრეზიდენტის თქმით, თუ ახლა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაწესდება, ეს მხოლოდ გაამყარებს უკვე შექმნილ უსამართლობას.
„ყველა რჩევა ახლა ცეცხლის შეწყვეტის დაწესების შესახებ, რა თქმა უნდა, დაუფიქრებელია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ინარჩუნებს ოკუპირებულ ტერიტორიას, რაც ნიშნავს, რომ დამტკიცდება საზღვრების დარღვევა, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა და ტერიტორიების მიტაცება. ეს არ შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის არსი“, - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ გერმანია ჯერ ვერ ხედავს, როგორი შეიძლება იყოს უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიები.