აზოვსტალიდან დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციაზე "აზოვის" პოლკის დამფუძნებელი, ანდრეი ბილეცკი საუბრობს და ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროცესის ისეთი კრიტიკისაგან, რომელსაც შეუძლია დააზიანოს მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია.
"80 დღეზე მეტი აკავებდნენ მტერს უზარმაზარი რიცხობრივი უპირატესობით... გააკეთეს ის, რაც აუცილებლად შევა სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოებში. ახლა მთავარი ამოცანა არის "ფოლადის ხალხის" გადარჩენა..." ამბობს ბილეცკი ვიდეომიმართვაში.
მისივე თქმით, 2-3 დღეში მარიუპოლის გარნიზონი ამ ოპერაციის შესახებ საჭირო და მკაფიო ინფორმაციას გაავრცელებს - "მე ვიცი, რა ხდება იქ. გარნიზონი ადგილზეა იარაღით ხელში. ყველაფერი კარგად იქნება. "დიდება უკრაინას!" ამბობს ის.
ბოლო ინფორმაციით, რომელსაც "როიტერსი" ავრცელებს, დღეს აზოვსტალიდან სულ მცირე 7 ავტობუსი გავიდა, მარიუპოლის უკრაინელი დამცველებით.