ინტერპოლმა საერთაშორისო კრიმინალური ქსელი გამოავლინა, რომელიც ყალბ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს შემდგომი გასაღების მიზნით ქმნიდა.
ინტერპოლის ხელმძღვანელის თქმით, ბოლოდროინდელი ყალბი ვაქცინები მხოლოდ “აისბერგის წვერია” – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სტატიის მიხედვით, ამ დროისთვის აღნიშნულ დანაშაულზე რამდენიმე პირი დაკავებულია, ყალბი ვაქცინები განადგურებული, ხოლო შემდგომ შესაძლო დანაშაულზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.
“ინტერპოლის განცხადებით, ყალბი კორონავირუსის ვაქცინის ათასობით ფლაკონის ჩამორთმევა მოხდა. სამხრეთ აფრიკის და ჩინეთის კონტრაბანდისტებმა ე.წ. ვაქცინა გააყალბეს. ინტერპოლის ხელმძღვანელის თქმით, ეს ყალბი ვაქცინები მხოლოდ “აისბერგის წვერია”. კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ გლობალური კრიმინალური ქსელის მიერ გაყალბებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ყალბი ვაქცინები განადგურებულია.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იოჰანესბურგის გარეთ მდებარე საწყობიდან დაახლოებით 2,400 დოზა ყალბი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამოიღეს, ყალბი 3M ნიღბებით. დააპატიმრეს ჩინეთის სამი და ზამბიის ერთი მოქალაქე. დაახლოებით იმავე პერიოდში ჩინეთში სამართალდამცველებმა 80 ადამიანი დააპატიმრეს, რომლებიც, მათი თქმით, ყალბ ვაქცინებთან არიან დაკავშირებულნი, და აღმოაჩინეს დამატებით 3 000 ყალბი ვაქცინის ფლაკონი.