აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯეფრი როზენმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კანონის სრული სიმკაცრით აგებინებს პასუხს იმ პირებს, ვინც ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე არეულობის მოწყობას გეგმავს.
„წესრიგის დამრღვევებს პასუხს ვაგებინებთ. ყურადღებას ვამახვილებთ იმ პირებზე, ვინც ინაუგურაციის დღეს საპროტესტო აქციას გეგმავს. იუსტიციის დეპარტამენტი საკონსტიტუციო უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენ არ შევეგუებით 20 იანვარს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის ჩაშლასა და სამთავრობო უწყებებში შეჭრას“, - აღნიშნა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა.
მანამდე ვაშინგტონის პოლიციის ხელმძღვანელმა, რობერტ კონტიმ განაცხადა, რომ 20 იანვარს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის უსაფრთხოებას ეროვნული გვარდიის დაახლოებით 20 ათასი სამხედრო უზრუნველყოფს.
ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.