ფლორიდელ მამაკაცს, ცეზარ საიოკს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკოსებს ასაფეთქებული მოწყობილობების შემცველ ამანათებს უგზავნიდა, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
ხელნაკეთი ბომბების ადრესატებს შორის არიან ჰილარი კლინტონი, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მსახიობი რობერტ დე ნირო და CNN-ის ნიუ იორკის ოფისი.
სეიოკი 26 ოქტომბერს ფლორიდაში დააკავეს. მის საცხოვრებელთან აღმოაჩინეს ვაგონი, სადაც ტრამპის მხარდასაჭერი და ლიბერალებისა და მედიის საწინააღმდეგო სტიკერები იყო გაკრული. სამართალდამცავების ინფორმაციით, მამაკაცს 100-ზე მეტი პოტენციური სამიზნის სიაც ჰქონდა.
სეიოკს ბრალი რამდენიმე მუხლით, მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისა და მკვლელობის ან დაზიანების განზრახვით ფოსტის საშუალებით ასაფეთქებლების უკანონო გაგზავნაში, ჰქონდა წაყენებული და სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა.