კვიპროსის სუპერლიგის ვიცე-პრეზიდენტმა, ჰარიზ ლოიზიდისმა განაცხადა, რომ თუ გუნდებმა 7-8 მაისამდე ვარჯიშები არ განაახლეს, შესაძლოა, ჩემპიონატის დასასრულებლად საკმარისი დრო არ დარჩეს. ამან, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია აღაშფოთა.
„ლოიძიდისი რას გვირჩევს, რომ ფეხბურთი არ ვითამაშოთ? ჩემპიონთა ლიგაზე „აპოელი“ უნდა მოხვდეს თუ ისინი, ვინც გასულ წელს ევროპაში კვიპროსს წარმოადგენდნენ? გვითხრას, რა გავაკეთოთ. კორონავირუსი გაივლის და ჩვენ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების გამო არ უნდა ვიზარალოთ. კვიპროსი პატარა ქვეყანაა და ჩემპიონატის დასრულება ადვილია, რადგან თამაშზე გასამგზავრებლად თვითმფრინავით მგზავრობაც არ გვჭირდება,“ – განაცხადა თემურ ქეცბაიამ რადიო „სპორტს24“-ის ეთერში.
ქეცბაიას გაღიზიანებას ის იწვევს, რომ ჩემპიონატის დასრულების გარეშე, შესაძლოა, მისმა გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკავების შანსი დაკარგოს. თუმცა, არის მეორე ვარიანტიც, რომ ევროთასებზე საერთოდ ვერ იასპარეზოს.
23 ტური ჩატარდა და ნიქოზიას „ომონიამ“ და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ 46-46 ქულა დააგროვეს. „ანორთოსისის“ კონკურენტი პირველ ადგილზე პირადი შეხვედრებითაა და გალიდერება მხოლოდ 22-ე ტურის შემდეგ მოახერხა. ქართველი მწვრთნელის აზრით, ჩემპიონატი მოედანზე უნდა დასრულდეს და არა კაბინეტში მიღებული გადაწყვეტილებით, როგორც ეს ბელგიაში მოხდა.
მაგრამ უეფას ოფიციალურმა გვერდმა გარკვეულწილად დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ სეზონის დასრულების ორი სცენარია. ერთი მათგანის მიხედვით, ჩემპიონატის დასრულება შეუძლებელი თუ იქნება, უეფა ბოლო სეზონის შედეგებს გააბათილებს. აქედან გამომდინარე, ევროპულ შეჯიბრებებში უეფა გუნდებს დაუშვებს არა ბოლო სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით, არამედ 2019 წლის შედეგებისა და უეფას რეიტინგის შესაბამისად.
ამ შემთხვევაში, ფამაგუსტას „ანორთოსისი“ იზარალებს. არსებული შედეგებით, კვიპროსს ჩემპიონთა ლიგაზე „ომონია“, ხოლო ევროპის ლიგაზე – „ანორთოსისი“, „აპოელი“ და „აპოლონი“ წარადგენენ. შესაბამისად, თუ კვიპროსში ჩემპიონატი არ დასრულდება და უეფა 2019 წლის შედეგებით და რეიტინგით იხელმძღვანელებს, მაშინ ამ ქვეყნის ევროწარმომადგენლობა რადიკალურად შეიცვლება და „ანორთოსისი“ ევროტურნირების მიღმა დარჩება, რადგან კვიპროსულ კლუბებში მეხუთე რეიტინგი გააჩნია, ხოლო 2019 წელი ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა.