ვეტერანმა მორაგბეებმა დღეს გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ისინი ქართულ რაგბიში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ. საქართველოს პირველი არხი განცხადებას, რომელსაც ასზე მეტი ვეტერანი მორაგბე აწერს ხელს, უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს ვეტერანი მორაგბეები დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს სარაგბო ოჯახში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების განვითარებას, რომელიც გაცდა რაგბის სამყაროში დამკვიდრებულ ღირებულებებს და ზოგადად ყოველგვარ ზნეობრივ ნორმებს. სარაგბო თემისთვის ყოვლად მიუღებელი ფორმები მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა, რომელმაც დაუმსახურებლად ჩირქი მოსცხო და ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა ყველა თაობის მორაგბის მიერ ნალოლიავებ და თავგამოდებით შექმნილ ჯანსაღ გარემოს და წლების განმავლობაში საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ დამსახურებულ ავტორიტეტს.