27 მარტს, ვირტუოზი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი თემურ ყვითელაშვილი ახალი, მე-9 ალბომის LIVE “55” (CD - DVD) პრეზენტაციას გამართავს.
ალბომის პრეზენტაცია 27 მარტს, 19:30 - ზე, სასტუმრო “ამბასადორში” (იოანე შავთელის ქ.17) გაიმართება.
თემურ ყვითელაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტია. მისი რეპერტუარი გამოირჩევა საკუთარი კომპოზიციების ორიგინალურობით, აგრეთვე ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკის ინდივიდუალური ინტერპრეტაციით და შესრულების ვირტუოზული, იმპროვიზაციული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დაკვრის მანერით.
მას სოლო კონცერტები აქვს გამართული ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა: “Carnegie Hall “, “Birdland “, “Iridium “(ნიუ-იორკი,აშშ), “La Ve Lee”, “The Baked Potato “(ლოს ანჯელესი,აშშ), “Дом Музыки “(მოსკოვი, რუსეთი) და სხვა.
თემურ ყვითელაშვილი სხვადასხვა დროს იყო და არის მსოფლიო წამყვანი ბრენდების სახე, სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოდიოდა ლეგენდარულ გიტარისტებთან და მუსიკოსებთან ერთად. ის მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ გამოფენაში, ატარებს მასტერკლასებს, კითხულობს ლექციებს, თუმცა სამშობლოს არასდროს ივიწყებს. ხშირად ატარებს კონცერტებს ფილარმონიის და კონსერვატორიის დიდ დარბაზებში, ივენთ ჰოლში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. თანამშრომლობს ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან და შემსრულებლებთან.
თემურ ყვითელაშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, არის თბილისისა და ახალციხის საპატიო მოქალაქე.
პრეზენტაციას თავად თემურ ყვითელაშვილი წარუძღვება. მის მიერ შესრულდება რამდენიმე ნაწარმოები ახალი ალბომიდან.