საქართველოში გავლენიანი მედიაგამოცემების - VOGUE-ის, ZOE Magazine-ისა და L’Officiel-ის ჟურნალისტები იმყოფებიან, რომლებიც ბათუმის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ ბლოგებსა და სტატიებს ამზადებენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისა და ბათუმელი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის ჩვენებაზე დასწრების შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა ქედაში იმოგზაურეს.
მათ შორის არიან The Fierce Walker-ისა და whowhatwear-ის ინსტაგრამინფლუენსერები, რომელთა პოსტებს მოგზაურობისა და მოდის შესახებ სოციალურ ქსელებში მილიონობით მიმდევარი ეცნობა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ქრისტინე ძიძიგურის განცხადებით, მიზანია ქვეყნისა და რეგიონის პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით მაქსიმალურად გაიზარდოს.
„ჩვენ მოვიწვიეთ „ვოგის“ ჟურნალისტები ჩეხეთიდან, უკრაინიდან; ZOE Magazine-სა და L’Officiel-ის ჟურნალისტები ამერიკიდან და იტალიიდან; ინსტაგრამინფლუენსერი დუბაიდან და ამერიკიდან, რათა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით მაქსიმალურად გაიზარდოს. განსაკუთრებით კი - სამიზნე ქვეყნებში. ესენია გამოცემები და ინტაგრამინფლუენსერები, რომელთა რეკომენდაციებსა და რჩევებს მილიონობით ადამიანი ითვალისწინებს. ისინი ცხოვრების სტილსა და მოდაში მიმართულებას ქმნიან. შესაბამისად, მათი მკითხველები და მიმდევრები ცდილობენ ამ ტრენდს გაყვნენ. ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს ზღვისა და მთის კომბინაციით, უგემრიელესი სამზარეულოს, ღვინის, კულტურისა თუ სხვა ტურისტული პროდუქტების სახით ტურისტებისთვის მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. ეს ყველაფერი კი ჩვენს სტუმრებს საშუალებას აძლევს მკითხველებს საინტერესო კონტენტი შესთავაზონ. ჟურნალისტების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გავაგრძელებთ, რათა პოტენციურ ტურისტებამდე ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად მივიტანოთ“, - განაცხადა ქრისტინე ძიძიგურმა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით წელს 400-ზე მეტ ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა.