გადაცემა „რეალური სივრცის" ავტორისა და წამყვანის ნინო ზაუტაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით, უცნობია
ემუქრება თუ მის გადაცემას დახურვა.
როგორც ზაუტაშვილმა „ინფო 9"-ს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტე 6 თებერვალს გაირკვევა.
„შესაძლებელი ყველაფერია. ამ წუთას ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ორშაბათს ველოდები გენერალური დირექტორის განცხადებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ხედვას. რამდენად ჩაჯდება „რეალური სივრცე“ ამ ხედვაში, ამას ორშაბათს, ყველა ერთად გავიგებთ", - აღნიშნავს ზაუტაშვილი.
გადაცემის ავტორისა და წამყვანის თქმით, 6 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება მისი სამომავლო გეგმები.
„იმისთვის, რომ გითხრათ შემდეგი ნაბიჯები რა იქნება, ძალიან ადრეა. ვფიქრობ, ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, როგორ და რას გავაკეთებ. „რეალური სივრცე“ უკვე არსებული ტელევიზიაა, თავისთავად. ასე, რომ ის თავის გზას აუცილებლად იპოვის. ძალიან დამწყდება გული, თუ ეს არ მოხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რადგან საზოგადოება ფულს იხდის და იმისთვის, რომ საკუთარი ხმის გაგონების საშუალება ჰქონდეს, „რეალური სივრცე" საუკეთესო პლატფორმა იყო.
თუ ეს პრობლემები „რეალურ სივრცეს" შეექმნება, დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ გადაცემა იმ ფანჯარას მონახავს, საიდანაც თავის საზოგადოებას და იმ ადამიანებს მიწვდება, ვისაც ჰაერივით სჭირდება იმ პრობლემების წარმოჩენა, რომელიც აქვთ", - აცხადებს ზაუტაშვილი.
ჟურნალისტი საზოგადოებრივ მაუწყებელში შესაძლო საკადრო შემცირებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„რამდენადაც ვიცი, კაბინეტებში მიმდინარეობს ახლა ამ გადაწყვეტილებების მიღება. ეს ინფორმაცია უფრო თინათინ ბერძნეიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს და ია ანთაძეს ექნება", - აღნიშნავს ზაუტაშვილი.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე გადაცემის დახურვა იგეგმება, რომელთა შორის გადაცემა „რეალური სივრცეა“. ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ასევე, თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა იგეგმება.
ამავე თემაზე: თინათინ ბერძენიშვილი: სამომავლო გეგმები ორშაბათს გახდება ცნობილი, თითოეულ გადაცემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ