„თავიდან თენგიზს ეგონა, რომ გაციებული იყო. სანამ კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, ორი დღით ადრე ბოტანიკურ ბაღში ვიყავით. ქართულ-იტალიური საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა. ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის“ ბაღის მოწყობის მიზნით ნერგები დავრგეთ.
ძალიან შეგვცივდა, რადგან იქიდან ღია ელექტრომობილით წამოვედით. თენგიზმა მითხრა – დღეს ნამდვილად ვერ გადავურჩები გაციებასო. მეორე დილით ხმა დაკარგული ჰქონდა. ვურჩიე, რომ აუცილებლად გაეკეთებინა კოვიდზე ტესტი, თუმცა თავად ღრმად იყო დარწმუნებული, რომ გაცივდა. სამწუხაროდ, ტესტმა დადებითი აჩვენა, მე თავიდან არანაირი სიმპტომი არ მქონია. მეორე დღეს ტესტი გავიკეთე და როგორც მოსალოდნელი იყო, მეც კოვიდდადებითი აღვმოვჩნდი“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძის მეუღლე ანი თოფურია.
