მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს, ტაძრებში საზეიმო წირვა - ლოცვა ჩატარდება.
სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საზეიმო ღვთისმსახურებას აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქისგან წყლის კურთხევის საიდუმლო შედგება.
„დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ამ უძველეს საპატრიარქო ტაძარში მისი უწმინდესობა დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურებას აღავლენს, რომელსაც ქართველი მღვდელმთავრები და სასულიერო პირები ესწრებიან. წირვის დასასრულს კი, შედგება პატრიარქისგან წყლის კურთხევის საიდუმლო, აღესრულება აიაზმა. ნაკურთხი წყლის მნიშვნელობა ძალიან დიდია, რადგან ნაკურთხი წყალი არის განმწმენდელი. ნაკურთხი წყლის სხურებით იწმინდება სახლები, აღესრულება ნათლობის საიდუმლოება, ხატები და ჯვრები, ნაკურთხ წყალს იღებს მორწმუნე ადამიანი დილაობით და განიწმინდება",-განაცხადა სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, მამა გიორგი სანამაშვილმა.
ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება, მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ.
საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".