ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე - ამხანაგობა ანუ საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები. მუნიციპალიტეტის როლი ამ შემთხვევაში გამოიხატება ფინანსურ დახმარებაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა გამოვეხმაურო იმ შემზარავ შემთხვევას, რაც ვაზისუბანში 14 იანვარს მოხდა. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს! რაც შეეხება ლიფტების უსაფრთხოებას და მასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, რაც ბუნებრივია ბოლო დღეებში ბევრს გაუჩნდა, მინდა, მოსახლეობას შევახსენო, თუ რა წესია დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით და რა არის საჭირო იმისათვის, რომ საცხოვრებელ კორპუსებში უზრუნველყოფილი იყოს ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაცია. არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება - ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ. კერძოდ, ამხანაგობა ვალდებულია, ლიფტის უსაფრთხოების მიზნით განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზებს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს.
აქვე განვმარტავ მუნიციპალიტეტის ჩართულობას და როლს ამ პროცესში: თბილისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 40 მილიონამდე ხარჯავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამაზე, რომლის ფარგლებში გამგეობები ამხანაგობების სხვადასხვა საჭიროებებს აფინანსებენ. როდესაც ამხანაგობას ესაჭიროება ლიფტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური მხარდაჭერა, გამგეობა შესაბამისი თანმიმდევრობით, ბიუჯეტით დადგენილი ზედა ზღვრის ფარგლებში, ფინანსურ დახმარებას უწევს ამხანაგობას, რათა მოხდეს ლიფტის რეაბილიტაცია.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის ზემოხსენებული დადგენილების შესაბამისად, ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე - ამხანაგობა ანუ საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები. მუნიციპალიტეტის როლი ამ შემთხვევაში გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რომელიც ჩვენივე პროგრამით არის დადგენილი და ამ პროგრამის ფარგლებში, გასულ წლებში, ასეულობით ლიფტის რეაბილიტაცია განვახორციელეთ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - „თანადაფინანსების პროგრამით“ სარგებლობისთვის საჭიროა:
ჩატარდეს ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა და გამოვლინდეს, აქვს თუ არა ლიფტს რაიმე ხარვეზი; დაარეგისტრიროთ თქვენი ლიფტი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში; თუ ლიფტს სჭირდება შეკეთება, მიმართოთ გამგეობას და ის შესაძლებლობების ფარგლებში, შესაბამისი თანმიმდევრობით, უზრუნველყოფს ამხანაგობების ფინანსურ მხარდაჭერას.
მინდა, ვთხოვო ჩემს მოადგილეს, კახა გულედანს, უზრუნველყოს, რათა შესაბამისი ინფორმაცია განთავსდეს ოფიციალურ ვებგვერდზე და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ის დაინტერესებული პირებისთვის. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, როგორ იმოქმედონ ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით“,- განაცხადა კალაძემ.