საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ამერიკელი ადვოკატი, მასიმო დანჯელო, რომელიც კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდა, ძალიან გამოცდილი და კვალიფიციურია და ისინი დღეს სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრებენ.
როგორც ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ადვოკატი წარმოადგენს დასკვნას, სადაც აღწერილი იქნება ამერიკის და საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა მსგავსი ტიპის საქმეებზე.
„ადვოკატს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მსგავსი ტიპის საქმეებზე მუშაობის, ბევრი ცნობილი ადამიანის საქმეში იყო ჩართული. ამ საქმეში ჩაერთო, როგორც ამერიკელი ადვოკატი, თუმცა ჩვენი კანონმდებლობით, მას სასამართლო პროცესზე გამოსვლის უფლება არ ექნება, ამიტომ, იგი წარმოადგენს სასამართლოში "სასამართლო მეგობრის" დასკვნას, სადაც აღწერილი იქნება აშშ-ის პრაქტიკა მსგავსი ტიპის საქმეებზე და საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა. სამართლებრივ საკითხებზე ექნება მიხეილ სააკაშვილთან საუბარი. მუხლი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, 238-ე მუხლი ერთადერთი მუხლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სადაც სამართალი და მედიცინა გაერთიანებულია. ამდენ ხანს საქართველოში რაიმე კონკრეტული მყარი პრაქტიკა ჩამოყალიბებული არ იყო. ამ საქმეზე ეს პრაქტიკა ჩამოყალიბდა და ძალიან საინტერესო პროცესი იქნება, თუ საბოლოოდ საექსპერტო დასკვნაში აღნიშნული იქნება, რომ მძიმე ავადმყოფი არის. რაც შეეხება საექსპერტო დასკვნას, დღეს ან ხვალ ჩამოვა ორი ექსპერტი. მომდევნო კვირის დასაწყისში საექსპერტო სამუშაო ბატონ სააკაშვილთან უკვე დამთავრებული იქნება. დაველოდებით მათ წერილობით დოკუმენტაციას, რომელიც ძალიან შემჭიდროებულ ვადებში იქნება, რადგან ეს ექსპერტები საქმის მასალებს იცნობენ. მოთხოვნა იყო, რომ პირადად შეხვედროდნენ და გაესინჯათ პაციენტი",-განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მისი თქმით, ხვალ კლინიკაში სააკაშვილის მოსანახულებლად ნევროლოგი უნდა შევიდეს, ასევე, ელოდებიან ნებართვას უცხოელი გასტროენტეროლოგის ჩართვაზეც. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პროცესში ასევე ჩართულები არიან ცნობილი ქართველი ექიმები და ექსპერტები და მათი ვინაობა ამ დღეებში გახდება ცნობილი.