დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძახის თქმით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უახლოეს მომავალში შემოვა.
როგორც კურიერთან ინტერვიუში პაატა იმნაძემ აღნიშნა, 3 თებერვალს „კოვაქსმა“ ვაქცინების განაწილების გეგმა დადო, თუმცა ეს ვერ შეასრულა.
იმნაძე აცხადებს, რომ ევროკავშირმაც კი ვერ მიიღო ვაქცინის შეპირებული დოზები, მიუხედავად იმისა, რომ მას მილიარდზე მეტი ჰქონდა გადახდილი.„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამჟამად მაინც „კოვაქსი“ შეასრულებს თავის პირობას. მოგეხსენებათ, 3 თებერვალს დაიდო „კოვაქსის“ განაწილების გრაფიკი და სამწუხაროდ, მაშინ ვერ შეასრულა „კოვაქსმა“.
„კოვაქსმა“ უკვე დაიწყო განაწილება. მოგეხსენებათ გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც თქვა, რომ მარტის თვე ნამდვილად იქნება ის თვე, როდესაც ყველა ქვეყანა მიიღებს ვაქცინას“, - აცხადებს იმნაძე.
პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ საქართველო შეპირებულ კოვიდვაქცინას მარტის შუა რიცხვებისთვის მიიღებს.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მარტის შუა რიცხვებისთვის ვაქცინა ჩვენც უნდა მივიღოთ. „კოვაქსი“ იმიტომ იყო შექმნილი რომ საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს წვდომა ჰქონოდათ ვაქცინებზე, ეს მექანიზმი თავის დროზე ამიტომაც შეიქმნა.
გარდა ამისა, მოლაპარაკებები იყო უშუალოდ მწარმოებელთანაც, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთანაც. წარმოიდგინეთ, ევროკავშირი თვითონ ვერ იღებს ვაქცინებს. იცით ალბათ რა მოხდა იტალიაში ვაქცინების გაგზავნაზე. ევროკავშირს მილიარდები აქვს გადახდილი წინასწარ ბევრ მწარმოებელთან იმისათვის, რომ მიეღოთ ვაქცინა. უკრაინაში იცით უკვე რა ხდება? დაახლოებით იგივე მეორდება რაც უკრაინაში და საქართველოში 2008 წელს წითელა-წითურას კამპანიაზე მოხდა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება ვაქცინების შეძენის შესახებ მოლაპარაკების პროცესს, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ყველა დონეზე მიმდინარეობდა, მაგრამ გარკვეული დეტალები ვერ გასაჯაროვდება.
მისივე თქმით, ვაქცინის მიღების შესახებ ახლაც არის დაპირებები, თუმცა ეს დაპირება დროშია გადანაცვლებული.
„სამწუხაროდ ევროკავშირმა რომ ვერ მიიღო თავისი დოზები რაზეა ლაპარაკი ? ასე ვთქვათ, საქართველო შეიძლებოდა დარჩენილიყო დაპირებებისგან. დაპირებები დღესაც არის ოღონდ ყველა ეს დაპირება არის დროში გადანაცვლებული. იმიტომ რომ სამწუხაროდ მსოფლიოში შექმნილია ვაქცინების ძალიან დიდი დეფიციტი. ვაქცინაცია შემოვა ქვეყანაში და მისი ჩატარების პრობლემა ამ ქვეყანაში არ იქნება.
ერთი ამბავი მაწუხებს სერიოზულად, რომ ქვეყანაში როცა ვაქცინები შემოვა და ის საკმარისად იქნება, ჩვენ შეგვიშლის ხელს ის ადამიანები, ვინც დღეს ლაპარაკობენ ვაქცინა არ არისო. ამ ადამიანებს აქვთ გამოცდილება, როგორ ჩააგდეს იმუნიზაციის კამპანია 2008 წელს.
ეს ფაქტია და მთელი საქართველოს ამბობს. დღეს კი, ისევ დაწყებულია ეს პროცესი. ეს უკრაინაში უკვე ხდება, ამაზე ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს, რომ უკრაინაში ვაქცინაცია ჩააგდონ. ჩვენთანაც იგივეს იზამენ. ნახავთ, სადღაც 2-3 კვირაში თუ არ გამოჩნდებიან ეს ადამიანები და იტყვიან, რომ არასანდო ვაქცინა შემოიტანესო. მერე რა, რომ ჯანმოს კვალიფიკაცია აქვს ამ ვაქცინასო. ნახავთ თუ ჩემი სიტყვები არ ახდება“, - დასძინა პაატა იმნაძემ.