პირველი მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები მსოფლიო მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს აქვს.
ამის შესახებ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი, სუმია სვამინათანი აცხადებს.
კითხვაზე, გამოიმუშავა თუ არა იმუნიტეტი იმ დიდი ქალაქების მოსახლეობამ, სადაც ვირუსი აქტიურად იყო გავრცელებული, მეცნიერმა პასუხად 500-მდე საერთაშორისო კვლევის დასკვნა მოიყვანა, რომელთა მიხედვითაც, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები მსოფლიოს 10%-ზე ნაკლებს აქვს.
"ქალაქებში, სადაც ვირუსი ფართოდ იყო გავრცელებული, მოსახლეობის 50-60%-ს იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ქალაქი, რეგიონი ან ქვეყანაა დაცული". – აცხადებს იგი.
სვამინათანის თქმით, გლობალური იმუნიზაციის მიღწევის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა შეუერთდეს COVAX პლატფორმას, ვაქცინების დროულად მიღების მიზნით. მანამდე კი, მეცნიერის აზრით, ყველა შესაბამისი უსაფრთხოების ნორმა უნდა დავიცვათ.