როდესაც ვხსნით ყველაფერს, მოსახლეობა დუნდება და ახალი შტამების გავრცელების საფრთხის ქვეშ ვდგებით, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის დაწყების ვადის ყოველი გადადება ყველა სხვა ფაქტორთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის.
„კოვაქსს“ კარი უნდა „ავუტალახოთ“, თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთ დღეში შეიძლება 15 ათასი ადამიანი ავცრათ, რომელსაც ვიცით რომ ვირუსი არ დაემართებათ და საავადმყოფოში მოხვედრა არ დასჭირდებათ. ამიტომ ერთ დღეში შეიძლება რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საქართველოში ვაქცინის შემოსვლის თარიღი კვირის ბოლომდე გაირკვევა.
მანამდე, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის თარიღმა 1-2 კვირით გადაიწია.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.