კოვიდინფიცირებულ მძიმე პაციენტების 30%-ზე მეტს სისხლის ანომალიური შედედება ეწყება და ეს ხშირად ხდება ინფიცირებულის დაღუპვის მიზეზი, - ამის შესახებ BBC სამედიცინო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.
დარღვევა ფილტვებში მიკროტრომბების ჩამოყალიბებას იწვევს. ამ დროს სისხლის კოლტები წარმოიქმნება იმ სისხლძარღვში, რომელიც სისხლის მიწოდებას ახორციელებს გულიდან ფილტვში. ექიმების განმარტებით, ეს მნიშვნელოვნად ზრდის გულის შეტევის და ინსულტის რისკს. ფილტვის რამდენიმე არტერია იხშობა თრომბული მასით და პაციენტს კიდევ უფრო უმძაფრდება ის სიმპტომები, რომელიც COVID-19-ს ახასიათებს: სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება, ძლიერი ოფლიანობა, გულის ცემის აჩქარება, თავბრუსხვევა, ძლიერი საერთო სისუსტე.
ზოგ შემთხვევაში, ვითარდება ღრმა ვენების თრომბოზიც - როდესაც სისხლის კოლტი წარმოიქმნება სხეულის რომელიმე ღრმა ვენაში, ძირითადად ერთ-ერთ ფეხში.