გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით,
ხეების ერთი ადგილიდან მეორეზე გადარგვა ნონსენსი არ არის.
აგულაშვილმა ამის დასადასტურებლად კონკრეტული მაგალითი მოიყვანა.
„თბილისში, რუსთაველზე ყოფილი ფოსტა-ტელეგრაფის შენობის, ახლანდელი „ვენდის“ წინ, მოედანზე დგას ერთი ძალიან ლამაზი, ათასწლოვანი ხე - ეს არის ზეთისხილის ხე, რომელიც თავის დროზე ერთი ობიექტიდან იქნა ამოღებული და გადატანილი მეორე ობიექტზე. ამით იმის თქმა მინდა, თვალნათელი რომ იყოს ყველასთვის, რომ ზოგადად მცენარეების გადარგვა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე არ არის გამონაკლისი და ნონსენსი, გნებავთ გარემოს დაცვის, გნებავთ სხვა თვალსაზრისითაც.
ამ შემთხვევაში, სათანადო ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ ეს პროექტი წარმატებულად განხორციელდეს, ნებისმიერ გადარგვას რისკები ახლავს.
შეიძლება, გახმეს მიუხედავად იმისა, მცენარე იქნება დიდი თუ პატარა ზომის“, - განაცხადა აგულაშვილმა.
გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, ციხისძირში მიმდინარე მოვლენებით ცალკეული პოლიტიკური პარტიები პოლიტიკური დივიდენდების დაწერას ცდილობენ.
„აქ ზოგადად ერთგვარი მცდელობაა ატყდეს ქარიშხალი ჭიქაში და პოლიტიკური დივიდენდები დაიწეროს ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, ეს მცენარეები, რაზეც ლაპარაკია, არცერთი არ არის წითელი ნუსხის მცენარე.
ეს უნდა მოჭრილიყო, თავის დროზე - ასე იყო დაგეგმილი იმ სანერგე მეურნეობაში, გადატანა გულისხმობს, რომ „ა“ წერტილიდან მცენარე უნდა გადავიდეს „ბ“ წერტილში, თუ კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით არის თუ არა სათანადო უნარები გადატანისას იმისთვის რომ არ გახმეს, მე ამ დისკუსიაში მზად ვარ ვისაუბრო სპეციალისტების თანდასწრებით, ხოლო თუ საერთოდ იმაზეა საუბარი, რომ ხე არ უნდა იქნას გადატანილი, ვფიქრობ, რომ ეს ლეგიტიმური პოზიცია არ არის“, - განაცხადა აგულაშვილმა.
მისივე თქმით, ის ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას არ ასრულებს.
„ვერ გავიგე, რა დაკვეთას ვასრულებ, რა დაკვეთა მივიღე. მე ვლაპარაკობ ერთი ხის გადატანაზე „ა“ წერტილიდან „ბ“-ში და არ ვლაპარაკობ დამკვეთებზე და შემსრულებლებზე. მე არც შეკვეთა მიმიღია, არც დამკვეთი ვიცი ვინ არის. ჩემი ინტერესების სფეროშია, ის ხე როგორ ცოცხლობდა „ა“ წერტილზე და ცოცხლობდეს „ბ“ წერტილში“, - განაცხადა აგულაშვილმა.
ციხისძირში, ხეების გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის პარალელურად, ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე აქციები ტარდება. აქციის მონაწილეები ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებენ.