პარაოლიმპიელი ირმა ხეცურიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სპორტი მთავრობისთვის პრიორიტეტული თემაა.
ამის შესახებ მან მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს შენობაში გაიმართა.
„მადლობა იმისთვის, რომ მომიწვიეს, როგორც წარმატებული პარასპორტსმენი. რა თქმა უნდა, ასეთი უშუალო დამოკიდებულება მნიშვნელოვანია. ასევე ის, რომ მათთვის არის ეს თემა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. სპორტი ჩემთვის ძირითადი და მთავარი ღერძია. შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფებოდი. მოვისმინე ბევრი საინტერესო და ჩემთვის უცნობი რამ“, - განაცხადა ირმა ხეცურიანმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საზოგადოებას მთავრობის საქმიანობის სამწლიანი ანგარიში წარუდგინა. მან პირველ ქართველ ეტლით მოფარიკავე ქალზე, ირმა ხეცურიანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პარიზის მსოფლიო თასის გამარჯვებული და პარაოლიმპიელ მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.
„ირმა აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდანაა. სამწუხაროდ, უნივერსიტეტის პირველი კურსის ბოლოს მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობისა და ოპერაციის მიუხედავად, მოუწია უნივერსიტეტის მიტოვება, ცხოვრების წესის შეცვლა, მაგრამ ირმამ ახალი მიზნები დაისახა. დღეს იგი პარიზის მსოფლიო თასის გამარჯვებული და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია პარაოლიმპიელ მოფარიკავეთა შორის. მისი შეუპოვრობის, ყოველდღიური შრომის შედეგს ვფიქრობ, შეიძლება სასწაული ვუწოდოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას თავად ირმა ხეცურიანიც ესწრებოდა.