
გამოფენის ფარგლებში 100–მდე მონაწილე 13 სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოადგენს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, გაცვლით პროგრამებს, სტიპენდიების, გრანტებისა და სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებს, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.
დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ, პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ ქართული და უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენელს, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და ამომწურავი ინფორმაცია განათლების შესახებ, რაც დაეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილია უმაღლესი სასწავლებლები, საგანმანათლებლო სააგენტოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები, სტუდენტური სერვისები, ტრეინინგ ცენტრები, უცხო ენების სასწავლო ცენტრები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე საელჩოების მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროგრამები.
გამოფენის მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჰოლანდია, თურქეთი.
განათლების გამოფენა ყოველწლიური ღონისძიებაა, მას 10 000–ზე მეტი ადამიანი სტუმრობს და რაოდენობა მუდმივად იზრდება. წელვანდელი გამოფენა უნივერსიტეტებისა და წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობით ყველაზე მრავალფეროვანია.