თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ჩვენებაში მიუთითებს, რომ მძღოლი ტელეფონზე საუბრობდა, ნაწილი კი ამბობს, რომ მძღოლს ჩაეძინა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ განუცხადა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ღამის სამ საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქეა დაშავებული, საიდანაც ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ერთის მდგომარეობა კი მსუბუქია. მისივე თქმით, მიკროავტობუსში მძღოლის ჩათვლით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ისინი თურქეთში სეზონური სამუშაოსთვის მიდიოდნენ.
"გენერალური საკონსულოს ჯგუფები იმყოფებიან პოლიციაში, სადაც საქართველოს 17 მოქალაქე და 1 მძღოლი იმყოფება. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და ისინი აძლევენ ჩვენებებს. ჩვენი მეორე ჯგუფი იმყოფება საავადმყოფოში, სადაც ცოლ-ქმარია მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში შედარებით მძიმე, მაგრამ სტაბილური მდგომარეობით. მათ უტარდებათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში. სახელმწიფო საავადმყოფოში იმყოფება საქართველოს ერთი მოქალაქე, რომლის მდგომარეობაც შედარებით მსუბუქია. ამ ადამიანების ტრანსპორტირებისთვის საქართველოდან ჩამოვიდა გამართული მიკროავტობუსი და ეს 17 ადამიანი დაბრუნდება ქვეყანაში. მძღოლი დაკავებულია ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით. იგი იმყოფება წინასწარი პატიმრობის იზოლატორში. მისი ბრალი დამძიმდება ან გაათავისუფლებენ იქიდან გამომდინარე, თუ რა ჩვენებებს მისცემენ საქართველოს დაზარალებული მოქალაქეები. ჩვენებებში მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ მძღოლი საუბრობდა მობილური ტელეფონით, ხოლო ნაწილი ამბობს, რომ მძღოლს შესაძლოა დაეძინა", - განაცხადა მიქაცაძემ.