მიხეილ სააკაშვილს ეტლის გარეშე გადაადგილება აღარ შეუძლია. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი როგორ მდგომარეობაში შემოვიდა ამ დაწესებულებაში. ფეხზე იდგა, ნორმალური ადამიანი იყო. ეხლა ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯზეც ვეღარ გადაადგილდება. გუშინ ძლივს ჩავსვი იმ ეტლში", - განაცხადა გიული ალასანიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ იუსიტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა სარწმუნო არ არის, მისთვის „ძალიან ზედაპირული და არადამაჯერებელია“. ამასთან, ალასანიას განცხადებით, ენობა იმ ექიმებს, რომლებმაც "ემპათიას" დასკვნა მოამზადეს.
"ძალიან ბევრმა ექიმმა მოაწერა ამ დასკვნას ხელი და იმ ექიმებს მე ძალიან ვენდობი, მხოლოდ ჯიშკარიანი ხომ არ არის, იქ ექიმების ჯგუფი იყო, რომლებსაც ძალიან კარგი რეპუტაცია აქვთ", - განაცხადა გიული ალასანიამ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უშუალოდ დასკვნა შეისწავლა, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა და ამის საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.