ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, ე.წ. ოქროს მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ სასამართლოში წინა სხდომაზე დეტალურად აღწერა ბრალდებულების მხრიდან განხორციელებული ძალადობა.
როგორც ჭიტაძე განმარტავს, ადვოკატების მხრიდან მოწმის დისკრედიტაცია მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ დაკავებულებმა მოსალოდნელი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ.
„დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდების მხარე მოწმე ი.ბ.-ს დაკითხვით გააგრძელებს, რომელიც ჩვენ მიერ პირდაპირი წესით დაიკითხა. მან დაადასტურა ქალაქ მცხეთაში ავტომაგისტრალზე განვითარებული ძალადობის მოვლენები და აღწერა. მასთან ასევე მოხდა ვიდეოჩანაწერების დემონსტრირება და დეტალურად მოხდა მისი მხრიდან აღწერილი თითოეული ის ქმედება, რომელიც ბრალდებულებმა განახორციელეს. მოწმემ კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელა, თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა, მოწინააღმდეგე მხარეს ის არ იცნობდა და აღწერა მათი მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, რაშიც მათ ბრალი ედებათ.
ასევე დღევანდელ სასამრთლო პროცესზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი დაიკითხება, რომელიც მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრებს, მას ფაქტის ამსახველ ვიდეოჩანაწერზე აქვს ექსპერტიზა ჩატარებული, რომელიც ავტომაგისტრალზე განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
დაცვის მხარის ნებისმიერი განცხადება მოწმეების დისკრედიტაციაზე, მიზნად ისახავს ბრალდებულების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდებას. შესაბამისად, მათი განცხადებები ბუნებრივია, დაცვის უფლებიდან გამომდინარეა“, - აცხადებს ჭიტაძე.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.