ეს თითქოსდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირის მიერ შედგენილი, შინაარსობრივად და ყველა რეკვიზიტით ის არ არის და ვერც იქნება ექსპერტიზის დასკვნა. ეს დასკვნა ბრალდებულების ადვოკატებმა შეადგინეს, კვაზი ექსპერტიზის დასკვნაა, გიგი უგულავას ძმის, შინაარსობრივად ეს არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რადგანაც ექსპერტიზის დასკვნას აქვს შესაბამისი სტანდარტები, - აცხადებს პროკურორი მიხეილ სადრაძე.
„ივერი მელაშვილის ადვოკატები ხშირად აცხადებენ, თითქოსდა ამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება. რვა ოქტომბრის შემდეგ უამრავი მტკიცებულება მოვიპოვეთ ჩვენ და რვა ოქტომბრის შემდეგ მათ მტკიცებულება არ მოუთხოვიათ. ჩვენ მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე საუბრის დროს, გამოკვლევით ნაწილს საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. არსებობს ობიექტური მოცემულობა, არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, მტკიცებულებები, თუმცა ამის საპირისპიროდ რასაც საუბრობს დაცვის მხარე, ემსახურება საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და ამ საქმის პოლიტიზების მცდელობას წააგავს“, – აცხადებს პროკურორი.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.