შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.
ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“- აცხადებენ შსს-ში.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე 21 ოქტომბერს აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა რამდენიმე საათის წინ დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.