
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში.
უწყებისვე ცნობით, დაკავებულებმა პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველებმა პატრულირებისას, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე ახალგაზრდა შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთდაპირისპირება ჰქონდათ. პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი, მათ შორის, ბ.ბ. და ნ.უ. არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.
ბ.ბ. და ნ.უ. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით სამართალდამცველები აგრძელებენ ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების განმარტებით, ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.