რეგიონები
კიდევ ერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს იუსტიციის სამინისტრო წყალტუბოში ახორციელებს. უახლოეს მომავალში იქ იუსტიციის სახლი გაიხსნება. მშენებლობა დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ მოინახულა და პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
სერვისების მიმწოდებელი ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო. დღეს საქართველოში მხოლოდ 13 რაიონული ცენტრია, სადაც სერვისები კვლავ ძველ შენობებში გაიცემა. ახალი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ყველა ასეთ ქალაქსა თუ სოფელშია დაგეგმილი. მათგან 6 მშენებლობა მიმდინარეა, დანარჩენ 7 რაიონში კი, ან უკვე მზადაა სამშენებლო პროექტები და შერჩეულია მიწის ნაკვეთები, ან ამისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 იუსტიციის სახლი და 85 ცენტრი ფუნქციონირებს.
იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა წყალტუბოს მცხოვრებთ უახლოეს ხანში შეეძლებათ.
11:51 / 13.03.2021
 
მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დაასრულეს. თოვლიდან უკვე ამოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარიც. ამოყვანის ოპერაცია გათენებისთანავე განახლდა.

გურიაში ჩავიდნენ განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მეხანძრე-მაშველები და კინოლოგი. ქუთაისიდან გომის მთის მიმართულებით გაფრინდა ვერტმფრენი, რომლის დახმარებითაც მოხდება მიცვალებულის გადმოსვენება. თოვლიდან ცხედრის ამოყვანის ოპერაციაში ჩართული იყო 45 მეხანძრე-მაშველი, როგორც გურიიდან, ასევე, თბილისიდან და ქუთაისიდან.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112–ში გომის მთიდან გუშინ შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ერთი მოქალაქე გაყინული იყო, ხოლო მის თანმხლებ სამ პირს გადაადგილება აღარ შეეძლო. მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ.
10:50 / 13.03.2021
 
გომისმთაზე დაკარგული სამივე ბიჭი ცოცხლია, მათ სამაშველო სამსახურს გააგებინეს, რომ კარგად არიან. მიუხედავად იმისა რომ მათი პოვნა ჯერ ვერ მოხერხდა, კომუნიკაციაზე გამოვიდნენ.ბიჭები ხევში არიან ჩაფლულები.რაც შეეხება გარდაცვლილ ახალგაზრდას, როგორც ასევე ადგილიდან გვატყობინებენ, ჯერ ვერ მიაგნეს.
19:20 / 12.03.2021
 
გომის მთაზე ადამიანი გაიყინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი.

"შემოსულია შეტყობინება, რომ გომის მთაზე ერთი ადამიანია გაყინული. მობილიზებულია 10- კაციანი სამაშველო ჯგუფი", - აცხადებენ უწყებაში.

არსებული ინფორმაციით, მძიმედ არის კიდევ ორი ადამიანი.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
11:45 / 12.03.2021
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2022 წლისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ახალი პროფესიული კოლეჯი ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები თანამდროვე პროფესიულ განათლებას უახლესი სტანდარტების შესაბამის გარემოში დაეუფლებიან. კოლეჯში დაინერგება როგორც მოკლევადიანი, ისე მომზადება-გადამზადების კურსები ზრდასრულებისთვის, ასევე, სადიპლომო და საშუალო პროფესიული პროგრამები. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებებსა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროფესიებზე, კერძოდ: სატყეო, ხის გადამუშავების და სხვადასხვა სახელობო მიმართულებებზე.

"კოლეჯში ლაბორატორიები აღიჭურვება უახლესი ტექნიკით, მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, კაფეტერია, ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. კოლეჯი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე კერძო სექტორთან.
15:15 / 11.03.2021
 
გარდაცვლილი 11 თვის ჩვილის დედა თეონა ონიაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული მეუღლის, ზურაბ შავლიაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას სამართლიანად მიიჩნევს.

"შვილი მომიკლა, წიწილა ხომ არ არის? 11 თვის ბავშვი ცივ სამარეში ჩავდე და რატომ არ უნდა დაისაჯოს ასეთი მამა? მოსამართლეს ვეთანხმები, უნდა დაისაჯოს!", - აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის დედა.

თეონა ონიაშვილის თქმით, ჩვილმა დაზიანებები თავის არეში იმ დროს მიიღო, როცა ქალს მეუღლემ ანთებული ღუმელი ესროლა. "ამბობენ, ღუმელი რომ მესროლა, ბავშვი ავიფარე - ტყუილია. ანთებული თუმელი რომ მესროლა, უცბად ღუმელის კარი გაიღო და ბავშვს თავში მოხვდა. ცოტა სუნთქავდა, როცა მეზობელთან გავიყვანე და სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ დაიღუპა", - ამბობს თეონა ონიაშვილი.
12:53 / 11.03.2021
 
ქუთაისში ნიკეას ბაზრობის მოვაჭრეები მერიის შენობის წინ აქციას მართავენ. მათი თქმით, დახლების გადასახადი გაძვირდა და მუშაობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. მოვაჭრეებმა ბოსტნეული ქალაქის მერიის შენობასთან მიიტანეს და ვაჭრობა დაიწყეს.

თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ ბაზრის ადმინისტრაციამ გადასახადი 100%-ით გააძვირა, რის გამოც ისინი მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ.

მოვაჭრეები ქუთაისის მერიას ბაზრის ადმინისტრაციასთან შუამდგომლობას სთხოვენ, რომ გადასახადი გაიაფდეს.
17:47 / 10.03.2021
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ხაშურში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამშენებლო სამუშაოები მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით ფარცვანიასთან და შიდა ქართლის გუბერნატორ მამუკა საღარეიშვილთან ერთად დაათვალიერა.

200 სტუდენტზე გათვლილ სამსართულიან შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები და თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი. კოლეჯი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
10:41 / 10.03.2021
 
აჭარის მთავრობის სახლთან წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობა აქციას მართავს. შეკრებილები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, სამი წლის წინ მათ ბათუმში ბინები გადაეცათ და ახლა ამ ბინების გარემონტებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ თორნიკე რიჟვაძე მათ არ შეხვდება ისინი ჰესის პიკეტირებას მოახდენენ.

"ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ ეს ბინები გავარემონტოთ და შესაბამისად ვერ შევძლებთ იქ ცხოვრებას. ჩვენ ვართ ეკომიგრანტები და კანონის ფორმებში უნდა გადმოგვცემოდა თეთრი კარკასი. თავიდან დაგვპირდნენ, თუმცა არ შეასრულეს დაპირება. ბოლოს შეხვედრა გუშინ გაიმართა და თქვეს პანდემიის გამო ვერ დაგეხმარებითო. ამიტომ ჩამოვედით თორნიკე რიჟვაძესთან. პროტესტის ფორმა იქნება უკიდურესი, ჰესის პიკეტირებას ვგეგმავთ. ჰესმა კიდევ უფრო დაამძიმა სოფლებში ცხოვრება", - აცხადებენ აქციაზე.


14:48 / 09.03.2021
 
წყალმომარაგების კომპანია, დაბა ხარაგაულის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხარაგაულში მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, მოსახლეობას წყალი დღეში 5 საათის განმავლობაში მიეწოდება.

პროექტის ფარგლებში აშენდება სამი ახალი ჭაბურღილი, სათავე ნაგებობა და სატუმბო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას. გარდა ამისა, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელები, მაგისტრალები და რეზერვუარი. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია კორპუსების შიდა გაყვანილობების მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
12:14 / 09.03.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×