პრეზიდენტის განცხადებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა პრემიერი ნატო-სთან დაკავშირებით საკუთარი განცხადებებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლას გამოეხმაურა.
სამნიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მუქარის თაობაზე ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება" მასზე მუქარის და შანტაჟის გზით ცდილობს გავლენის მოხდენას.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ეს განცხადებები იმ ფონზე, როცა პრემიერი აკეთებს რუსეთის მსგავს განცხადებებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ნატო-სთან დაკავშირებით საკუთარი განცხადებებით ქვეყნის ევროპულ მომავალს. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის ძალიან ხმამაღალი განცხადებებში, ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვაში. შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ადრეც გამომითქვამს. ვფიქრობ, კონკრეტულ მომენტში, როცა ამას ექნება პოლიტიკურად სხვა დატვირთვა, ვფიქრობ, რომ მან შესაძლოა გამოიყენოს ეს უფლებამოსილება. მისი გაფრთხილება "ქართული ოცნების" კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ "ქართული ოცნება" მუქარით, შანტაჟით და თითის ქნევით ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პრეზიდენტზე, რადგან როგორც ჩანს განცდა აქვთ, რომ შესაძლოა პრეიდენტმა გვარამია შეიწყალოს,"- განაცხადა სამნიძემ.