ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქზე წერს.
მთავრობის მეთაური სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს. თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აღნიშნავს პრემიერი.
საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.
19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.